ბათუ ქუთელია - აშშ-ს ლიდერობით, ცივილიზებულმა სამყარომ ასადსა და პუტინის რეჟიმს მკაფიო წითელი ხაზები მოუნიშნა
ბათუ ქუთელია - აშშ-ს ლიდერობით, ცივილიზებულმა სამყარომ ასადსა და პუტინის რეჟიმს მკაფიო წითელი ხაზები მოუნიშნა

„ეს არის ის ენა, რა ენაზეც ცივილიზებული სამყარო უნდა ელაპარაკოს დიქტატორებსა და მათ ალიანსებს“, – ასე ეხმაურება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია სირიაში მიმდინარე მოვლენებს.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აშშ-მა ქიმიური იარაღის შექმნის, შენახვის ან შესაძლო გადატანის წერტილებზე ზუსტი დარტყმები განახორციელა.

„ცივილიზებულმა დემოკრატიულმა სამყარომ, აშშ-ს ლიდერობით, მკაფიო წითელი ხაზები მოუნიშნა როგორც ასადს, ასევე პუტინსა და მის რეჟიმს, მათ სტრატეგიულ კავშირს. ეს წითელი ხაზები გადის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ადამიანს უფლებები, ქიმიური იარაღის გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა. როდესაც ეს წითელი ხაზი გადაილახა, თავისუფალი სამყარო გადავიდა ქმედებებზე, ეს არის ძალიან კარგი და სწორი ნაბიჯი, ეს არის ის ენა, რა ენაზეც ცივილიზებული სამყარო უნდა ელაპარაკოს დიქტატორებს, მათ ალიანსებს, მათთან დაკავშირებულ სახელმწიფოებსა თუ კვაზისახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის გადამწყვეტი ნაბიჯებით შემცირდება ალბათობა, რომ შემდგომში სხვა უფრო მეტი პრობლემა შეუქმნან პუტინმა და მისმა მოკავშირეებმა ცივილიზებულ სამყაროს“, – აცხადებს ბათუ ქუთელია.

ქუთელიას თქმით, რუსეთის პოზიციები შესუსტებულია, რადგან მისი მოწინააღმდეგე მხარე ძლიერია.

„უმოქმედობა აძლევს რუსეთს სივრცეს იმისთვის, რომ ეს ვაკუუმი თავისი ძალისმიერი ქმედებებით შეავსოს. დღეს ძალიან ბევრი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი საუბრობს, რომ ISIS-თან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც სირიაში არსებობს, გამოწვეული იყო ობამას ადმინისტრაციის უმოქმედობით, რომელმაც რუსეთს მისცა სივრცე. როდესაც დასავლეთი დგამს მყარ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს, ეს ძალიან ნაკლებ სივრცეს ტოვებს რუსეთის აგრესიისთვის“, – განუცხადა პირველ არხს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა.

ბათუ ქუთელიას აზრით, ცივილიზებული სამყაროს უპირველესი ამოცანაა, სირიის პრეზიდენტ ასადის რეჟიმმა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების საშუალება უნდა დაკარგოს. გარდა ამისა, დიქტატორული რეჟიმებისთვის უნდა გაქარწყლდეს ის წარმოდგენა, რომ რუსეთთან მოკავშირეობა ერთგვარი უსაფრთხოების გარანტია.

როგორც ქუთელიამ აღნიშნა, მთავარი მიზანი რუსეთის რევანშისტული მისწრაფებების უკუგდებაა, ამ საქმეში კი საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით უნდა იყოს.