ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის დაწყების თარიღი ჯერ უცნობია
ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის დაწყების თარიღი ჯერ უცნობია

ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის შემდეგ, ბატონის ციხის ტერიტორიაზე რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დაიწყება, – ამის შესახებ პირველ არხს ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მესამე ეტაპზე ბატონის სასახლის მიმდებარე ეკლესიის, აბანოს და არჩილის კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება ისტორიული გალავნის შიგნით არსებული ისტორიული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მუზეუმის დირექტორი არ აკონკრეტებს.

„ვესაუბრე მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს და დიდი სურვილი აქვთ, უკვე დასრულებული რეაბილიტაციის მიღმა დარჩენილი სამი ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია განხორციელდეს“, – განაცხადა ურჩუხიშვილმა.

მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვანია, ციხე-გალავნის კარიბჭის აღდგენა. გურამ ურჩუხიშვილი ვარაუდობს, რომ ეს რეაბილიტაციის მესამე ეტაპზე გახდება შესაძლებელი.

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ბატონის ციხის კარიბჭის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია, თუმცა სამუშაოების დაწყების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ.

ერეკლე ბატონის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ორ ეტაპად განხორციელდა და ჯამში 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.