ბატლერის ოლქის შერიფი აცხადებს, რომ ადგილობრივმა პოლიციელმა ტრამპის მისამართით გასროლამდე შეიარაღებული მამაკაცი დაინახა, თუმცა მისი შეჩერება ვერ შეძლო
ადგილობრივმა პოლიციელმა ტრამპის მისამართით გასროლამდე შეიარაღებული მამაკაცი დაინახა, თუმცა ვერ შეძლო მისი შეჩერება. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ ბატლერის ოლქის შერიფმა, მაიკლ სლუპმა განუცხადა.
როგორც ცნობილია, სამართალდამცავმა ორგანოებმა საეჭვო პირის იდენტიფიცირება მოითხოვეს, რის შემდეგაც პოლიციელმა დაიწყო ტერიტორიის დათვალიერება. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა ვერ იპოვა საეჭვო პირი, სახურავის დათვალიერება გადაწყვიტა, რა დროსაც დაინახა თავდამსხმელი.
შერიფ სლუპის თქმით, თავდამსხმელმა იარაღი პოლიციელს დაუმიზნა, თავად ოფიცერს კი იარაღის გამოყენება არ შეეძლო, ვინაიდან ხელებით სახურავის კიდეზე იყო ჩამოკიდებული, ამიტომაც ისევ ძირს ჩახტა, რასაც მალევე მოჰყვა სროლა.
ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.