„ბასკონიამ“ სტამბოლში „ეფესი“ დაამარცხა, თორნიკე შენგელია კვლავ გამორჩეულია
„ბასკონიამ“ სტამბოლში „ეფესი“ დაამარცხა, თორნიკე შენგელია კვლავ გამორჩეულია

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა კლუბმა საოცრად დაძაბულ შეხვედრაში სტუმრად თურქული „ეფესი“ 82-81 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი სტუმართა ქართველმა კაპიტანმა შეიტანა.

შენგელიამ ძირითად ხუთეულში დაიწყო და 29 წუთში 17 ქულა და 8 მოხსნა გააკეთა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, თოკო ვინსენ პორიესთან ერთად, საუკეთესო იყო. ფრანგი ცენტრის ანგარიშზე, ორმაგი დუბლი დაფიქსირდა, 16 ქულა და 12 მოხსნა. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ის გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხე მეოთხედის სტარტზე მასპინძლებმა გაქცევა მოაწყვეს და ერთ ეპიზოდში 11 ქულით დაწინაურებაც შეძლეს, თუმცა „ბასკონიამ“ ბოლომდე იბრძოლა და დარჩენილ 6 წუთში თამაშის შემოტრიალება შესძლო. შეხვედრის დასრულებამდე სამი წამით ადრე, ვლადიმერ შტიმაცმა პორიეს წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია. ფრანგმა კალათბურთელმა ორივე საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ გამარჯვების შემდეგ, „ბასკონიამ“ სატურნირო ცხრილში მე-9-ე ადგილზე გადაინაცვლა. პედრო მარტინესის გუნდი მომდევნო ტურში მილანის „ოლიმპიას“ შეხვდება.