ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში, მე-10 ტურის მატჩები გაიმართა. ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო „ბასკონიამ“. თორნიკე შენგელიას გუნდმა საკუთარ მოედანზე „ობრადოირო“ მიიღო და ანგარიშით 85-78 დაამარცხა.
მასპინძელთა შორის საუკეთესო გუნდის ქართველი კაპიტანი იყო. შენგელიას მონაგარმა 31 წუთში: 18 ქულა, რვა მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა შეადგინა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, თორნიკე, მარსელინიო უერტასთან ერთად, გამორჩეული იყო.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ის ვიტორიელთა უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა მეტოქეს მოახლოების შანსი არ მისცეს და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს.
ამ წარმატების შემდეგ, პედრო მარტინესის გუნდმა „ლიგა ენდეზას“ გათამაშებაში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. მორიგ ტურში „ბასკონია“ ბასკურ დერბიში „ბილბაოს“ უმასპინძლებს.