ბასილაშვილს რომის მასტერსზე უხერხული მეტოქე ერგო
ბასილაშვილს რომის მასტერსზე უხერხული მეტოქე ერგო

მომდევნო კვირას მამაკაცი ჩოგბურთელები მასტერსის სერიის კიდევ ერთ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც იტალიის დედაქალაქი რომი უმასპინძლებს. უკვე გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე. ქართველი ჩოგბურთელი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს შეხვდება.

ეს ჩოგბურთელები წელს უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ უნგრელმა მოიგო: როტერდამში, ჰარდის საფარზე, 7:6(1), 6:1 და ცოტა ხნის წინ, მონტე კარლოს მასტერსზე, 7:5, 3:6, 6:1. სულ კი ბასილაშვილსა და ფუჩოვიჩს ერთმანეთში ხუთჯერ უთამაშიათ და უნგრელი ჩოგბურთელი წინ არის – 4:1.

ამ წყვილში გამარჯვებული მეორე წრეში ყაზახ მიხაილ კუკუშკინსა და სერბ ლასლო ჯერეს შორის მოგებულს შეხვდება, მესამე წრის პოტენციური მეტოქე კი ესპანელი რაფაელ ნადალია.

შარშან, ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. ამის შემდეგ, პირველ წრეში იტალიელი ფილიპო ბალდი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ორ სეტში დამარცხდა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან.