მსოფლიოს 23-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის „მასტერსზე“ მერვედფინალში გადასასვლელი შეხვედრა, გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან წააგო.
პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა და ბასილაშვილი ძალიან ახლოს იყო მოგებასთან. პირველ ორ გეიმში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც, კარგა ხანი მეტოქეები ბრეიკ-პოინტებამდე ვერ მიდიოდნენ. მერვე გეიმში, რომელიც თითქმის 10 წუთი გაგრძელდა, ბასილაშვილს სამი დაფარული სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ზვერევმა მოახერხა საკუთარი გეიმის გადარჩენა და ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა. მეტოქის გეიმებში მან რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და საბოლოოდ, შანსი მე-11 გეიმში გამოიყენა, რის შემდეგაც სეტზე ჩაწოდება მოახერხა – 7:5.
მეორე პარტიაში გერმანელი ჩოგბურთელის უპირატესობა უფრო შესამჩნევი გახდა, ქართველს კი დაღლა დაეტყო. ზვერევი ზედიზედ იღებდა ბრეიკ-პოინტებს და მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა, რომელიც ამ პარტიაში ერთადერთი აღმოჩნდა. ბასილაშვილმა დაკარგული მოწოდების დაბრუნების ერთადერთი შანსი მერვე გეიმში მიიღო, მაგრამ ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.
საბოლოოდ, ზვერევმა საათსა და 33 წუთში 7:5, 6:4 მოიგო და შანხაის „მასტერსის“ მერვედფინალში გავიდა.