2019 წლის სეზონის ბოლოსწინა „მასტერსი“ ჩინეთის ქალაქ შანხაიში იმართება. ტურნირი ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მოლდოველი რადუ ალბოტის შეხვედრით გაიხსნა. პირველი სეტის მოულოდნელად წაგების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ორ საათსა და 12 წუთში სამ სეტში მოუგო მოლდოველს – 4:6, 6:1, 6:3.
ბუკმეიკერების აშკარა ფავორიტი ბასილაშვილი იყო, მაგრამ შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო – ალბოტმა მატჩის პირველივე გეიმში ბრეიკის შესრულება შეძლო. ბასილაშვილმა მომდევნო გეიმში მიიღო ბრეიკ-პოინტი, მაგრამ უკუბრეიკი ვერ შეასრულა. ამის შემდეგ, ამ სეტში ქართველს მეტოქის მოწოდების აღების შანსი აღარ ჰქონია. ალბოტმა მეცხრე გეიმში კიდევ სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მეორე ბრეიკი ვერ შეასრულა, სამაგიეროდ, მეათე გეიმში უპრობლემოდ ჩააწოდა სეტზე.
მეორე სეტიდან ბასილაშვილმა სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი. 18-გათამაშებიან მეორე გეიმში მან მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა, მეოთხე გეიმში მეორედ აიღო მეტოქის მოწოდება და 5:0 დაწინაურდა. მხოლოდ ამის შემდეგ აიღო ალბოტმა სეტში თავისი ერთადერთი გეიმი.
მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო – მეტოქეები იოლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. ნავსი მეხუთე გეიმში ბასილაშვილმა გატეხა და მატჩში მესამე ბრეიკი შეასრულა, რითაც ძალიან მიუახლოვდა მეორე წრეს. ნიკა უპრობლემოდ ინარჩუნებდა საკუთარ გეიმებს, მეცხრე გეიმში კი ორიგი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, რომელიც თან მატჩ-ბოლიც იყო.
მეორე და მესამე სეტებში დამაჯერებელი თამაშით ბასილაშვილმა დაამტკიცა, რომ პირველი სეტის წაგება შემთხვევითობა იყო. ბოლო ორ პარტიაში მან ერთი ბრეიკ-პოინტიც არ გაიმეტა ალბოტისთვის.
მოლდოველის დამარცხების შემდეგ, ნიკა მეორე წრეში ფრანგ ბენუა პერსა ან კვალიფიკაციის ერთ-ერთ მოგებულს შეხვდება.