ბასილაშვილმა შანხაის მასტერი მოგებით დაიწყო [ვიდეო]

პეკინში ჩინეთის პირველობაზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, მსოფლიოს 23-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერში ჩაება და პირველი ბარიერი იოლად გაიარა – 58 წუთში ორ სეტში დაამარცხა კანადელი თინეიჯერი დენის შაპოვალოვი – 6:2, 6:2.

შაპოვალოვმა პირველ სეტში მხოლოდ სტარტზე შეძლო ბასილაშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჩოგბურთელებმა ორ-ორი გეიმი გაცვალეს, რის შემდეგაც ქართველმა ჩოგბურთელმა ორი ბრეიკი შეასრულა და ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო. ნიკამ სეტი 34 წუთში მოიგო ისე, რომ მეტოქისთვის ერთი ბრეიკ-პოინტი არ მიუცია.

მეორე სეტიც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართა, როგორც პირველი – 2:2 ოთხი გეიმის შემდეგ და მეხუთე და მეშვიდე გეიმებში შესრულებული ბრეიკები. საბოლოოდ, ისევ ზედიზედ მოგებული ოთხი გეიმი და ისევ – 6:2.

შანხაის მასტერსის მეორე წრეში ბასილაშვილი გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება, რომელიც პირველ რაუნდში ისვენებდა.