წარმატებით დაიწყო 2018 წლის სეზონი ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.
მსოფლიოს 59-ე ჩოგანმა ორსეტიანი მოგებით გადალახა პირველი წრის ბარიერი.
ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ტომას ფაბიანო იყო, რომელსაც 73-ე ადგილი უკავია მსოფლიო კლასიფიკაციაში.
პირველ სეტში აპენინელი თითქოს ფლობდა უპირატესობას, რადგან ხუთი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, ბასილაშვილმა – ორი. მაგრამ იტალიელმა ხუთი შანსიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა, ქართველმა – ორივე. მან მეოთხე გეიმში შეასრულა ბრეიკი, მეშვიდეში ფაბიანომ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მაგრამ მეათე გეიმში ბასილაშვილმა ისევ შეძლო ბრეიკის შესრულება – 6:4.
მეორე სეტში ქართველს უკვე დიდი უპირატესობა ჰქონდა – ბასილაშვილმა რვა ბრეიკპოინტი მიიღო, მისმა მეტოქემ – ერთი.
ბასილაშვილი ბრეიკით იგებდა და მალე მატჩზე ჩაწოდების უფლებაც უნდა მიეღო, მაგრამ ფაბიანომ, მოულოდნელად, დაკარგული მოწოდება დაიბრუნა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 3:4. თუმცა, იქვე ბასილაშვილმა მატჩში მეოთხე ბრეიკი შეასრულა და შემდეგ, მატჩზე ჩააწოდა – 6:4, 6:3, საათი და 18 წუთი ბრძოლის შემდეგ.
ბასილაშვილს ძალიან კარგი სტატისტიკა ჰქონდა – 72 პროცენტის სიზუსტით შეასრულა პირველი მოწოდება და ქულების 61 პროცენტი მოიგო, მეორე მოწოდებით ქულების 65 პროცენტი მოიპოვა და ცხრიდან ოთხი ბრეიკპოინტი გამოიყენა.
ბასილაშვილის მეტოქე მეორე ნომრად განთესილ ესპანელ პაბლო კარენიო ბუსტასა და ხორვატ ბორნა ჩორიჩს შორის მატჩში გაირკვევა, რომელიც სამშაბათს გაიმართება.