ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებლად ითამაშა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამის ATP500-ის ტურნირის პირველ წრეში. ქართველმა ჩოგბურთელმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუს ანდრეი რუბლიოვს და 56 წუთში დამარცხდა – 2:6, 3:6.
რუსმა ჩოგბურთელმა საკუთარ გეიმებში უშანსოდ დატოვა მეტოქე. რუბლიოვმა პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ორი ქულა დათმო, მეორეზე – ხუთი. ბუნებრივია, ბასილაშვილი ახლოსაც არ ყოფილა ბრეიკ-პოინტთან.
რაც შეეხება ბასილაშვილის გეიმებს, პირველ მოწოდებაზე ნიკა კარგად თამაშობდა და მხოლოდ ხუთი ქულა დათმო, მაგრამ მეორე მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 32 პროცენტი მოიგო. რუბლიოვმა ჯამში ხუთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ოთხი გამოიყენა. ბასილაშვილმა სამი ეისი ჩააწოდა და რვა ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან, როტერდამში მოახერხა პირველი წრის გავლა, ასე რომ, მას რეიტინგში ქულები ჩამოაკლდება.