ცინცინატის „მასტერსის“ შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეებს შარშან მოპოვებული ქულები არ აკლდებათ, მაინც სამი საფეხურით ჩამოქვეითდა ნიკოლოზ ბასილაშვილი – ახლა, ქართველი ჩოგბურთელი 30-ე ნომერია.
ეს იმან გამოიწვია, რომ გასული კვირის „მასტერსზე“ გარღვევა ჰქონდა სამ ჩოგბურთელს – მილოშ რაონიჩს, ფილიპ კრაინოვიჩსა და იან-ლენარდ შტრუფს. მათ შეძლეს კლასიფიკაციაში ბასილაშვილის გასწრება და ქართველი ჩოგბურთელის ვარდნაც ამან გამოიწვია.
შეგასხენებთ, რომ ბასილაშვილმა ცინცინატის „მასტერსზე“ პირველივე წრეში წააგო კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან. ახლა, ქართველ ჩოგბურთელს წინ აქვს აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლა – ის ტურნირში პირველი სექტემბრიდან ჩაებმება. პირველი მეტოქეა ავსტრალიელი ჯონ მილმენი.