ბასილაშვილმა ჰამბურგის კვალიფიკაცია გაიარა და პირველივე წრეში ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება
ბასილაშვილმა ჰამბურგის კვალიფიკაცია გაიარა და პირველივე წრეში ფილიპ კოლშრაიბერს შეხვდება

ტრადიციულად, ორშაბათს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი ადგილით წინ წაიწია ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა – 715 ქულით მსოფლიოს 81-ე ჩოგანი გახდა. არადა, ბასილაშვილმა გასულ კვირას ხორვატიის ქალაქ უმაგის ტურნირზე პირველი წრის გავლა ვერ შეძლო.

ამ კვირას ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირში ჩაებმება. ქართველს ძირითად ბადეში მოსახვედრად კვალიფიკაციის გავლა და ორი მეტოქის დამარცხება მოუწია: ჯერ გერმანელ ტობიას კამკეს სძლია – 7:5, 6:2, შემდეგ კი ავსტრიელ ვეტერანს იურგენ მელცერს – 6:4, 4:6, 7:5.

უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში ბასილაშვილს ტურნირის მეხუთე ნომერი, გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი შეხვდება. ქართველს პროფესიულ ტურში ამ ჩოგბურთელთან ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული – 2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ოთხ სეტში კოლშრაიბერმა მოიგო.