ნიკოლოზ ბასილაშვილი მონრეალის „მასტერსის“ წყვილთა ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელის პარტნიორი იყო გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი, რომელსაც ნიკამ ერთეულებში მოუგო.
ქართულ-გერმანული დუეტის მეტოქე პირველ წრეში ბრიტანელი კაილ ედმუნდი და ამერიკელი ტეილორ ფრიტცი იყვნენ. საათსა და ექვს წუთში ედმუნდმა და ფრიტცმა 6:3, 6:4 მოიგეს.
მათ მატჩში ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავეს და ორი გამოიყენეს – თითო ყოველ პარტიაში. ბასილაშვილმა და შტრუფმა ბრეიკ-პოინტების რაოდენობით აჯობეს მეტოქეებს, მაგრამ ექვსი ასეთი შანსიდან ვერც ერთის გამოყენება ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი აგრძელებს ბრძოლას მონრეალის „მასტერსის“ ერთეულთა ტურნირში, სადაც მერვედფინალამდეა გასული და იქ გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. ეს მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.