ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველი წრე ნაკლებად ცნობილ ფრანგთან წააგო
ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველი წრე ნაკლებად ცნობილ ფრანგთან წააგო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წლის სეზონში თავის რიგით მეოთხე ტურნირში ჩაება და პირველივე წრეში გამოეთიშა მონპელიეს ATP250 კატეგორიის ტურნირს – ნაკლებად ცნობილ ფრანგთან გრეგუარ ბარერთან ორ სეტში დამარცხდა – 4:6, 4:6. მატჩი საათი და 17 წუთი გრძელდებოდა.

გრეგუარ ბარერი მსოფლიოს 113-ე ჩოგანია. ATP-ის დონეზე წელს ის სწორედ მონპელიეში თამაშობს პირველად. მანამდე ის ჩელენჯერის სერიის ტურნირებში გამოდიოდა, მაგრამ მეორე წრეზე შორს არ გასულა. ასევე ითამაშა ავსტრალიის ღიას კვალიფიკაციაში, იქ ორი რაუნდი გაიარა, თუმცა, ფინალში წააგო პორტუგალიელ ფერეირა სილვასთან. მონპელიეს ტურნირის ძირითად ბადეში ბარერი კვალიფიკაციის გავლით მოხვდა.

მატჩი ფრანგმა ბრეიკით დაიწყო, რასაც ბასილაშვილმა მაშინვე უკურეიკით უპასუხა. მეოთხე გეიმში ქართველმა კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლო და მეხუთე გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო. ეს საკმარისი აღმოჩნდა ბარერისთვის პირველი სეტის მოსაგებად.

მეორე სეტი ბასილაშვილისთვის რთულად დაიწყო – პირველ გეიმში მას ორი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ამის შემდეგ ქართველი თითქოს დამაჯერებლად ათამაშდა – ორი საკუთარი გეიმი იოლად მოიგო, მეოთხე გეიმში კი ბრეიკიც შეასრულა და 4:1 დაწინაურდა. მაგრამ, ამის შემდეგ, ბასილაშვილს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა – ერთმანეთის მიყოლებით დათმო ორი თავისი გეიმი, ჯამში ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას.

ბასილაშვილმა ოთხი ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა, ბარერს კი 11 ბრეიკ-პოინტი და ოთხი ბრეიკი ჰქონდა.

2021 წელს, ბასილაშვილმა ანტალიას ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, რის შემდეგაც, პირველივე წრეში წააგო მელბურნში, ავსტრალიის ღიასა და მონპელიეში.