ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა #1TVSPORT
ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ სეზონში მეორედ ოთამაშებს ATP-ის ტურნირის ფინალში. მიუნხენში მან გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილი ნორვეგიელი კასპერ რუუდი გაანადგურა. საათსა და 12 წუთში ბასილაშვილმა მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მეტოქეს – 6:1, 6:2.

ქართველმა ისევ შესანიშნავად ითამაშა საკუთარ გეიმებში და კვლავ არ წააგო თავისი მოწოდება. პირველ ბურთზე მან მხოლოდ ხუთი ქულა დათმო, მეორეზე – ცხრა. ბასილაშვილმა ცხრა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთი გამოიყენა, აგრეთვე, მოიგერია მეტოქის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი.

ბასილაშვილი კარიერაში მეშვიდედ ითამაშებს ATP-ის ტურნირის ფინალში. პირველი ორი ფინალის წაგების შემდეგ, მან ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ფინალური შეხვედრა, მათ შორის, წელს დოჰაში ყატარის ღია პირველობაზე.

მიუნხენის ფინალში ნიკოლოზის მეტოქე იქნება გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობა აქვს – 3:3. ბოლოს ისინი ცოტა ხნის წინ შეხვდნენ ერთმანეთს კალიარის ტურნირის მეოთხედფინალში და ქართველმა სამ სეტში მოიგო – 7:5, 4:6, 6:3.