ბასილაშვილმა მეცის ტურნირის პირველი წრე დამაჯერებლად გაიარა
ბასილაშვილმა მეცის ტურნირის პირველი წრე დამაჯერებლად გაიარა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაძლია საფრანგეთის ქალაქ მეცში ATP-ის ტურნირის პირველი წრე.

მსოფლიოს 31-ე ჩოგანმა ორ სეტში დაამარცხა 31 წლის ფრანგი კენი დე შეპერი, რომელიც მსოფლიოს 186-ე ნომერია – 6:2, 7:6(0). შეხვედრა მხოლოდ საათი და 5 წუთი გაგრძელდა.
ქართველმა იდეალურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – ორი სეტის განმავლობაში, თავის გეიმებში მხოლოდ რვა (!) ქულა დათმო.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ორი ბრეიკი მიითვალა, მეორეში ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მეტოქის მოწოდება ვერ აიღო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელიც ნიკამ „მშრალი“ ანგარიშით მოიგო.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩისა და ფრანგი უგო უმბერის მატჩში მოგებულს შეხვდება.