ბასილაშვილმა მაროკოს ტურნირი მეოთხედფინალში დაასრულა
ბასილაშვილმა მაროკოს ტურნირი მეოთხედფინალში დაასრულა

მსოფლიოს 86-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო მაროკოს ქალაქ მარაკეშის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი მოუგო პორტუგალიელ ჟოაო სოუზას, მაგრამ პირველ და მესამე სეტებში დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მსოფლიოს 70-ე ნომერს და 2:6, 6:4, 1:6 დამარცხდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა შეძლო ბრეიკით წინ გასვლა – 2:1, მაგრამ ზედიზედ ხუთი გეიმი დათმო და პარტია 31 წუთში წააგო.

მეორე სეტში ქართველმა ორმაგი ბრეიკით დაწინაურება შეძლო – 4:0. სოუზამ მოახერხა ერთი უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ ბასილაშვილმა მიიყვანა პარტია მოგებამდე. სამწუხაროდ, მესამე სეტში ბრძოლა არ ყოფილა. მეორე და მეექვსე გეიმებში პორტუგალიელმა ორი ბრეიკი შეასრულა, საკუთარ მოწოდებებზე კი ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს.

ბასილაშვილს მომდევნო კვირა თავისუფალი აქვს – ის არ თამაშობს მონტე კარლოს “მასტერსზე“.