ბასილაშვილმა მადრიდის „მასტერსი" საკვალიფიკაციოდან დაიწყო
ბასილაშვილმა მადრიდის „მასტერსი" საკვალიფიკაციოდან დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის “მასტერსის” ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობს. დღეს, მსოფლიოს 75-ე ჩოგანი ესპანეთის დედაქალაქში საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაება და წარმატებით გაიარა პირველი წრე.

ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ბიორნ ფრატანჯელო იყო, რომელიც მსოფლიოს 105-ე ჩოგანია. პირველი პარტია ქართველისთვის წარუმატებელი გამოდგა. ფრატანჯელომ ორი ბრეიკი შეასრულა, ბასილაშვილმა ერთი და ამერიკელმა 6:4 მოიგო პირველი სეტი.

მეორეში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა – პირველ ხუთ გეიმში მეტოქეებმა ბრეიკ-პოინტები გაცვალეს, მაგრამ ბრეიკამდე საქმე არ მისულა.

იმ დროს, როცა ბასილაშვილი 3:2-ს იგებდა, ფრატანჯელომ ტრავმა მოიმიზეზა და თამაში ვერ გააგრძელა. ასე რომ ქართველმა მადრიდის “მასტერსის” საკვალიფიკაციოს ფინალში გააღწია, სადაც ბოსნიელ მირზა ბაშიჩსა და ესპანელ ალვარეს ვარონას შორის მოგებულს შეხვდება.

მადრიდის “მასტერსის” ძირითადი ტურნირის ორშაბათს აიღებს სტარტს.