ბასილაშვილმა ხუთი მატჩბოლი მოიგერია და კალიარის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ბასილაშვილმა ხუთი მატჩბოლი მოიგერია და კალიარის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო იტალიის ქალაქ კალიარის ATP250 კატეგორიის ტურნირი. მისი მეტოქე ნაკლებად ცნობილი სლოვაკი ჩოგბურთელი იოზეფ კოვალიკი იყო, რომელიც კვალიფიკაციის გავლით მოხვდა ძირითად ბადეში, იქ კი პირველ წრეში ინდოელი ნაგალის ბარიერი გაიარა. ბრძოლა ზუსტად სამი საათი გაგრძელდა და მეოთხე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა 4:6, 6:4, 7:5 მოუგო მსოფლიოს 128-ე ნომერს.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე, თუმცა იგივე შეიძლება ითქვას მის მეტოქეზე. კოვალიკი ორჯერ იგებდა ბრეიკით და ქართველმა ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ერთხელ კი თავად გავიდა წინ ბრეიკით და ვერც მან შეინარჩუნა უპირატესობა.

როცა კოვალიკმა მესამე ბრეიკი შეასრულა და მეცხრე გეიმში სეტზე აწვდიდა, ორი სეტბოლის გამომუშავება შეძლო, მაგრამ ბასილაშვილმა მოახერხა ორივე საფრთხის მოგერიება. კიდევ სამი სეტბოლი სლოვაკს მეათე გეიმში ქართველის მოწოდებაზე ჰქონდა და მეხუთე ცდაზე შეძლო პარტიის აღება.

პირველ სეტში ბასილაშვილმა თავის პირველ მოწოდებაზე 23-დან მხოლოდ 8(!) გათამაშება მოიგო, მეორეზე – 14-დან შვიდი.

მეორე სეტი ქართველმა კარგად დაიწყო და ორმაგი ბრეიკით დაწინაურება მოახერხა – 4:1. მაგრამ კოვალიკმა ამას ასევე ორმაგი ბრეიკითა და ანგარიშის გათანაბრებით უპასუხა – 4:4. თუმცა, სლოვაკმა მოპოვებული ინიციატივის შენარჩუნება ვერ შეძლო, მეცხრე გეიმში ისევ წააგო საკუთარი მოწოდება, რის შემდეგაც ბასილაშვილმა მატჩში პირველად „მშრალი“ ანგარიშით მოიგო საკუთარი გეიმი.

მესამე სეტში გაგრძელდა ბრეიკების გაცვლა: კოვალიკი ორჯერ დაწინაურდა და ბასილაშვილმა ორივეჯერ გაათანაბრა. 4:4-ზე ქართველს ფარული მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, მეათე გეიმში კი თავად მოუწია ნამდვილი მატჩბოლის მოგერიება, თანაც ხუთის. ნიკა ხუთივეჯერ გადარჩა და მოიგო მარათონული მე-10 გეიმი, რომელშიც 24 გათამაშება და ცხრა „თანაბარი“ იყო.

ხუთმა დაკარგულმა მატჩბოლმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა კოვალიკის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მან მე-11 გეიმში წააგო საკუთარი მოწოდება. ასე რომ, ბასილაშვილს 6:5-ზე მატჩზე ჩაწოდება რჩებოდა.

ჩოგბურთელებს 16-16 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ. ბასილაშვილმა ცხრა შანსი გამოიყენა, მისმა მეტოქემ – რვა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელიც ტურნირზე მეხუთე ნომრად არის განთესილი.