ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის „მასტერსის“ მესამე წრეში გადასვლა ვერ შეძლო. მსოფლიოს 74-ე ჩოგანმა ორ სეტში წააგო სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან, მიუხედავად იმისა, პირველ სეტში არაფრით ჩამოუვარდებოდა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს.
აღსანიშნავია, რომ მეტოქეებს თანაბარი რაოდენობის ბრეიკპოინტები ჰქონდათ, მაგრამ ბასილაშვილი ამ შანსების რეალიზაციას დააღალატა და საბოლოოდ, არც ერთი ბრეიკი არ შეუსრულებია.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო – თავიდან, მეტოქეები იოლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, განსაკუთრებით ჯოკოვიჩი, რომლის პირველ სამ გეიმზე ბასილაშვილმა ვერც ერთი ქულა ვერ აიღო.
ბრეიკის გაკეთების პირველი შანსი ჯოკოვიჩმა მიიღო – მეექვსე გეიმში მან ორმაგი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ბასილაშვილი რთული სიტუაციიდან გამოძვრა და საკუთარი გეიმი გადაარჩინა.
მომდევნო გეიმში კი უკვე ქართველს ჰქონდა ბრეიკპოინტები, თანაც ოთხი, მაგრამ გადამწყვეტი ქულა ვერ აიღო. მეშვიდე გეიმი 17 გათამაშება გაგრძელდა და ექვსჯერ დაფიქსირდა „თანაბარი“.
ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა თითო საკუთარი გეიმი აიღეს და ტაიბრეიკისკენ მიდიოდნენ, როცა ჯოკოვიჩმა მეათე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკპოინტი მიიღო, რომელიც სეტბოლიც იყო და ამჯერად ეს შანსი ხელიდან აღარ გაუშვა – 6:4.
მეორე სეტის სტარტი ბასილაშვილს ჩაუვარდა – თავისი პირველივე გეიმი „მშრალი“ ანგარიშით წააგო და ბრეიკით ჩამორჩა, რომელიც ვეღარ დაიბრუნა. ჯოკოვიჩი დიდად აღარ ინდომებდა მეტოქის მოწოდებაზე და ძირითადად, თავისი გეიმების შენარჩუნებაზე ზრუნავდა, რაც კარგად გამოუვიდა – მეორე პარტიაში ბასილაშვილი ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკპოინტამდე. საათისა და 18 წუთის შემდეგ, სერბმა 6:4, 6:2 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.