ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა ჰამბურგის ATP500-ის კატეგორიის ტურნირზე. მან თითქმის უპრობლემოდ შეძლო ბოლივიელი უგო დელიენის დამარცხება.
ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 87-ე ჩოგანია. ბოლივიელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს – 2019 წელს, მან გრუნტზე 34 მატჩი მოიგო და „ჩელენჯერის“ ორი ტიტული მოიპოვა.
სხვათა შორის, ბუკმეიკერები მცირედით ანიჭებდნენ უპირატესობას მოქმედ ჩემპიონს.
პირველ სეტში ბასილაშვილი სრულ უპირატესობას ფლობდა. ქართველს მხოლოდ ერთი ჩავარდნა ჰქონდა – დელიენმა მეოთხე გეიმში ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ბრეიკი შეასრულა. ეს იყო ბოლივიელის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი პირველ სეტში. ბასილაშვილმა კი ექვსჯერ მოიპოვა ასეთი შანსი და ორჯერ აიღო მოწინააღმდეგის მოწოდება.
მეორე სეტი ბრეიკების გაცვლით დაიწყო. ჯერ ბასილაშვილმა აიღო ბოლივიელის მოწოდება და იქვე დელიენმა უკუბრეიკით უპასუხა. ქართველს კრიტიკული მომენტი მეექვსე გეიმში დაუდგა, როცა ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. შემდეგ გეიმში კი ნიკამ სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და მესამე ცდაზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა. ამის შემდეგ, დელიენმა წინააღმდეგობა პრაქტიკულად შეწყვიტა და ზედიზედ ორ გეიმთან ერთად მატჩიც დათმო – 4:6, 3:6. შეხვედრა საათი და რვა წუთი გაგრძელდა.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროსა და ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას შორის მოგებული იქნება.