ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე რაუნდში დაასრულა გამოსვლა ჰალეს ტურნირზე. ის საათსა და 10 წუთში დამარცხდა იტალიელ მატეო ბერეტინისთან – 4:6, 4:6.
ბასილაშვილი და ბერეტინი აქამდე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში და ანგარიში თანაბარი იყო – 1:1. იტალიელი ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა ბალახის სეზონს – ორი დღის წინ, მან შტუტგარტის ტურნირის მოგება შეძლო. ამავე ტურნირზე ბასილაშვილი კი პირველივე წრიდან გამოვარდა.
პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი დაფიქსირდა – ის იტალიელს მეხუთე გეიმში ჰქონდა და შანსი გამოიყენა. ბასილაშვილმა ვერაფერი მოახერხა მეტოქის გეიმებში – მხოლოდ ექვსი ქულის მოგება შეძლო. ამასთან, ქართველ ჩოგბურთელს არ მისდიოდა თამაში საკუთარ პირველ მოწოდებაზე – სიზუსტე მხოლოდ 52 პროცენტი ჰქონდა, ქულების რეალიზაცია – 62 პროცენტი.
მეორე სეტში ბასილაშვილმა აშკარად გამოასწორა თამაში – დამაჯერებელი იყო საკუთარ მოწოდებაზე, ბერეტინის პირველივე მოწოდებაზე კი ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა. ამის შემდეგ, ქართველი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა. საქმე თითქოს ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, მაგრამ იტალიელი მეცხრე გეიმში მეტოქის მოწოდებას ჩაებღაუჭა და მეორე ცდაზე შეძლო ბრეიკ-პოინტი რეალიზება, რის შემდეგაც, მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა.
ბასილაშვილმა ზედიზედ მეორე ტურნირზე წააგო საწყისი მატჩი. ქართველი ჩოგბურთელი შორს არის ოპტიმალური ფორმისგან, არადა, უიმბლდონის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება.