ბასილაშვილმა და გორგოძემ 2021 წელს წარმატებულად იასპარეზეს [ვიდეო] #1TVSPORT
15:00, 29.12.2021
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში 22-ე ადგილზე დაასრულა.
29 წლის ქართველმა სპორტსმენმა მიმდინარე წელი 1 395 ქულით მე-40 ადგილზე დაიწყო. ნიკოლოზმა დოჰასა და მიუნხენის 250-ათასიანი ტურნირების მოგების შემდეგ, რეიტინგში საგრძნობლად აიწია, რასაც ოქტომბერში ინდიან უელსის 1000-იანი მასტერსის ფინალში გასვლით მოპოვებული 500 სარეიტინგო ქულაც დაემატა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ყველაზე მაღალ საფეხურზე 2019 წლის 27 მაისს გახლდათ, როდესაც იგი კლასიფიკაციაში 16-ე ადგილს იკავებდა. ამჟამად, ბასილაშვილს 2 101 ქულა აქვს და 2022 წელს ოცეულში შესვლას შეეცდება.
ასევე ძალიან წარმატებული გამოდგა 2021 წელი ეკატერინე გორგოძისთვის. ქართველთა ჩოგბურთელმა სეზონი ერთეულებში, პოლონეთში 60-ათასიანი ტურნირის მოგებით დაიწყო. შემდეგ კი წყვილთა თანრიგში, რუმინელ ირინა ბარასთან ერთად, კარიერაში პირველად WTA-ის ეგიდის 250-ათასიანი ტურნირის (Transylvania Open) მოგება შეძლო. ამას მოჰყვა მონტევიდეოს, ბუენოს აირესის, ვალენსიას, კარლსრუესა და ბელინცონას ტურნირებზე გამარჯვება. ეკატერინემ წყვილთა რეიტინგში 115-ე ადგილიდან 62-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
2022 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად დაიწყებს ასპარეზობას, სადაც ავსტრალიაში ATP Cup-ზე ითამაშებს. აღნიშნული შეჯიბრის დასრულებისთანავე ბასილაშვილი სიდნეის 250-ათასიან ტურნირში (10-15 იანვარი) ჩაებმება, სადაც მეოთხე ნომრად იქნება განთესილი, შემდეგ კი უკვე ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადება.