ბასილაშვილმა ცონგა დაამარცხა და ლიონის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მან საათსა და 24 წუთში ერთნაირი ანგარიშით მოუგო ორი სეტი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას, რომელიც მსოფლიოს 84-ე ჩოგანია – 6:4, 6:4.
ეს ჩოგბურთელები აქამდე პროფესიულ ტურში ერთხელ შეხვედროდნენ ერთმანეთს – ორი წლის წინ, სწორედ ლიონში, ცონგამ ნახევარფინალში მოუგო ქართველს და შემდეგ ტიტულიც აიღო. ამჯერად, ნიკამ რევანშის აღება შეძლო.
პირველი სეტი უკეთ ცონგამ დაიწყო და თავიდანვე შეძლო ბრეიკით წინ გასვლა. მაგრამ ეს აღმოჩნდა ბასილაშვილის ერთადერთი ჩავარდნა საკუთარ მოწოდებაზე, ამის შემდეგ ფრანგი ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა. რაც შეეხება ბასილაშვილს, მან მესამე და მეშვიდე გეიმებში თითო ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო და სეტებში წინ გავიდა.
მეორე სეტში პირველ ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა სტარტზე შეძლო ბრეიკის შესრულება, რის შემდეგაც მის შენარჩუნებაზე ზრუნავდა და ეს კარგად გამოუვიდა – ცონგამ ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო და ის ვერ გამოიყენა. ბოლოს, ქართველმა მატჩზე უპრობლემოდ ჩააწოდა – პირველივე მატჩბოლი გარდასახა ქულაში და ნახევარფინალში გააღწია.
ამ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმისა და ამერიკელი სტივ ჯონსონის მატჩში გაირკვევა.