წარუმატებელი გამოდგა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში გამოსვლა. ქართველი, რომელიც მესამე ნომრად იყო განთესილი, პირველ წრეში ისვენებდა და ტურნირში მერვედფინალიდან ჩაება.
მისი მეტოქე ამერიკელი სემ კუერი იყო, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 58-ე ჩოგანია. ბასილაშვილმა გამოცდილ მეტოქეს თითქმის ვერ გაუწია წინააღმდეგობა, რისი მიზეზიც საკუთარ მოწოდებაზე სუსტი თამაში იყო – ქართველს პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 51 პროცენტი ჰქონდა, მეორე მოწოდებაზე კი ქულების 38 პროცენტი მოიგო, გარდა ამისა, მან 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა და მოწინააღმდეგეს ცხრა ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა, რომელთაგანაც ამერიკელმა სამი გამოიყენა – ორი პირველ სეტში და ერთი – მეორეში.
ბასილაშვილი ვერც მიღებაზე ბრწყინავდა – ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ კუერიმ მატჩი 17 ეისით დაასრულა.
საბოლოოდ, ამერიკელმა 55 წუთში 6:1, 6:4 მოიგო.