ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირის წყვილებში წააგო, ერთეულებში კი პირველი მეტოქის ვინაობა გაიგო
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოეთიშა ბუდაპეშტის ტურნირის წყვილთა ასპარეზობას. მისი და მოლდოველი რადუ ალბოტის დუეტმა ორ სეტში წააგო გერმანელთა წყვილთან კევინ კრავიცისა და ანდრეას მისის შემადგენლობით – 3:6, 3:6. მატჩი ზუსტად ერთი საათი გრძელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში პირველი ბრეიკი ქართულ-მოლდოვურმა წყვილმა შეასრულა, მაგრამ უპირატესობა დიდი ხანი ვერ შეინარჩუნა. სეტის შუაში, გერმანულმა დუეტმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც პარტია მოგებამდე მიიყვანა.
მეორე სეტის სტარტზე მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს. ექვსი გეიმის შემდეგ თანაბარი ანგარიში იყო, მაგრამ 3:3-ზე კრავიცმა და მისმა ზედიზედ სამი გეიმი აიღეს, აქედან ორი მეტოქის მოწოდებაზე და შემდეგ წრეში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ამასობაში, გაირკვა ბასილაშვილის მეტოქე ერთეულებში. ოთხშაბათს ქართველი ჩოგბურთელი კიდევ ერთ გერმანელს პეტერ გოიოვჩიკს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჯორჯ ჰარისს 7:5, 6:4 მოუგო და მერვედფინალში გავიდა.
ბასილაშვილი და გოიოვჩიკი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და გერმანელს მიჰყავს პირადი ანგარიში – 2:0. 2016 წელს ვოიოვჩიკმა შენჟენის ტურნირის კვალიფიკაციაში ორ სეტში მოუგო ქართველს, 2017 წელს კი შტუტგარტის ბალახის ტურნირზე სამ სეტში იმარჯვა.