მონტე კარლოს „მასტერსის“ შემდეგ, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ წრეში ტრავმის გამო ვერ შეძლო სერბ ფილიპ კრაინოვიჩთან მატჩის დასრულება, ქართველი ჩოგბურთელი ბარსელონას ATP250 კატეგორიის ტურნირში ჩაება. პირველ წრეში მისი მოწინააღმდეგე იყო ფრანგი ჟერემი შარდი, რომელიც კლასიფიკაციაში 51-ე ნომერია.
ჩოგბურთელები მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს: პირველი ორი მატჩი ფრანგს ჰქონდა მოგებული, 2019 წელს ჰამბურგში კი ბასილაშვილმა 6:2, 6:3 მოიგო მეოთხედფინალი და შემდეგ ტიტულიც მოიპოვა.
ქართველმა ცუდად დაიწყო შეხვედრა და თავიდანვე ორმაგი ბრეიკით ჩამორჩა – 0:3. მეოთხე გეიმში ბასილაშვილმა შეძლო ერთი უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ ამ სეტში ბრეიკ-პოინტამდე აღარ მისულა და პარტია 4:6 წააგო.
მეორე სეტში დიდი ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა. სიტუაცია მეშვიდე გეიმიდან შეიცვალა, რომელშიც შარდიმ ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მიიღო, მაგრამ ბასილაშვილმა გადაარჩინა გეიმი, რის შემდეგაც, მერვე გეიმში თავად შეასრულა ბრეიკი და მეცხრე გეიმში სეტზე ჩაწოდება შეძლო.
მესამე სეტი ბასილაშვილის ბრეიკით დაიწყო, მომდევნო გეიმში ქართველი თავის მოწოდებაზე 40:0 დაწინაურდა და მაინც მოახერხა ამ გეიმის წაგება. მომდევნო ხუთი გეიმი მეტოქეები ძალიან იოლად იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ მერვე გეიმში შარდიმ მარტივად აიღო მატჩში მეოთხე ბრეიკი, რითაც თამაშზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ფრანგმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ორ საათში 6:4, 3:6, 6:3 მოიგო.