ბასილაშვილმა ანდერსონთან ისევ სამ სეტში წააგო
ბასილაშვილმა ანდერსონთან ისევ სამ სეტში წააგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის „მასტერსზე“ მეორე მატჩი ჩაატარა. ის მერვედფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მსოფლიოს მეექვსე ჩოგანს, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს დაუპირისპირდა.

ეს ჩოგბურთელები ერთი კვირის წინ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ანდერსონმა სამ სეტში მოიგო, თან ისე, რომ მატჩბოლის მოგერიება მოუწია. ახლაც, მატჩში გამარჯვებულის გამოვლენას სამი სეტი დასჭირდა.

ანდერსონი ძალიან კარგად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და დიდი ხანი არ უშვებდა ბასილაშვილს ბრეი-პოინტებამდე. თავად სამხრეთაფრიკელმა პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მერვე გეიმში მოიპოვა, ეს შანსი გამოიყენა და მეცხრე გეიმში სეტზე ჩააწოდა.

კარგა ხანი არაფერი იცვლებოდა მეორე სეტში – ანდერსონი ისევ დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ მოწოდებაზე, თუმცა, ერთი ჩავარდნა ვერ აიცილა თავიდან – ბასილაშვილმა მეექვსე გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ახლოს იყო ბრეიკთან, მაგრამ მისმა მეტოქემ შეძლო მობილიზება და კრიტიკულ სიტუაციაში უშეცდომო თამაშით გეიმი გადაარჩინა. თავის მხრივ, ბასილაშვილმა მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. 

მე-13 გეიმში ბასილაშვილმა უშეცდომოდ ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე, ორჯერ გააკეთა მინი-ბრეიკი და 7:6(7:3) მოიგო. საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება.

გადამწყვეტ პარტიაში გეიმები სწრაფად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს – მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ გეიმებს. ასე გრძელდებოდა მეათე გეიმამდე, რომელშიც ბასილაშვილს სერიოზული პრობემები შეექმნა – ანდერსონმა ორი მატჩბოლი გამოიმუშავა, მაგრამ ნიკამ გეიმი გადაარჩინა და მატჩი და ყველაფერი ისევ ტაი-ბრეიკს უნდა გადაეწყვიტა.

ბოლო გეიმი ანდერსონმა უკეთ დაიწყო, მინი-ბრეიკი შეასრულა და ამის ხარჯზე 4:1 დაწინაურდა. იქვე, ქართველმა კიდევ ერთხელ წააგო საკუთარ მოწოდებაზე გათამაშება და მალე ანდერსონმა სამმაგი მატჩბოლი მოიპოვა და საქმე მოგებამდე მიიყვანა – 6:3, 6:7(3), 7:6(3). შეხვედრა 2 საათი და 18 წუთი გრძელდებოდა.