ბასილაშვილის სასწაული უიმბლდონზე - ნიკამ პირველი წრე ანგარიშით 0:2-დან მოიგო
ბასილაშვილის სასწაული უიმბლდონზე - ნიკამ პირველი წრე ანგარიშით 0:2-დან მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა სასწაული მოახდინა – მოიგო მატჩი იმ დროს, როცა 2:6, 4:6, 0:2-ს აგებდა. საბოლოოდ, ხუთსეტიანი მარათონი სამი საათი და 31 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილმა 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 მოიგო.

პირველ სეტში უორდმა ბასილაშვილის პირველივე გეიმში შეძლო ბრეიკის შესრულება. ქართველს მეშვიდე გეიმში შეეძლო უკუბრეიკის აღება და ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და იქვე მეორედ წააგო საკუთარი მოწოდება, რითაც სეტიც დათმო.

მეორე სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ბრიტანელს ჰქონდა. მეექვსე გეიმში მან სამი შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მეათე გეიმში შეძლო ბრეიკის შესრულება და სეტებში 2:0 წაიყვანა ანგარიში.

ქართველი ჩოგბურთელი კატასტროფის წინაშე დადგა, როცა მესამე სეტის სტარტზე ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ იქვე მოახერხა მატჩში პირველად უორდის გეიმის მოგება და ანგარიშის გათანაბრება. ამის შემდეგ, ბასილაშვილი ძალიან დამაჯერებლად ათამაშდა საკუთარ მოწოდებაზე და შანსს არ აძლევდა მეტოქეს. მესამე სეტის ბედი მეცხრე გეიმში გადაწყდა – ნიკამ უორდის გეიმზე ე.წ. „მშრალი“ ანგარიშით მოიგო და შემდეგ სეტზეც ჩააწოდა.

ბასილაშვილი უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა და ეს კარგად გამოჩნდა მეოთხე სეტის პირველ გეიმში, რომელშიც ქართველმა ბრეიკი შეასრულა. შემდეგ გეიმში ნიკამ ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მესამეში კი მეტოქის მოწოდების აღების ოთხი შანსი მიიღო, მაგრამ პარტიაში მეორე ბრეიკამდე ვეღარ მივიდა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელები დამაჯერებლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, რითაც ბასილაშვილმა შეინარჩუნა სეტის სტარტზე მოპოვებული უპირატესობა და ანგარიში გაათანაბრა.

მეხუთე სეტი მეოთხის ანალოგიურად დაიწყო – ბასილაშვილმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და ისღა დარჩენოდა, ამ უპირატესობის შენარჩუნებაზე ეზრუნა. ქართველ ჩოგბურთელს ეს არ გამოუვიდა – 5:4-ზე, როცა მატჩზე აწვდიდა, ნიკამ მეტოქეს უკუბრეიკი შეასრულებინა და ანგარიში გათანაბრდა. საბედნიეროდ, ამ ლოკალურ წარუმატებლობას ფსიქოლოგიურად ცუდად არ უმოქმედია ბასილაშვილზე. მე-13 გეიმში მან კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, მეორედ მიიღო მატჩზე ჩაწოდების უფლება და ამჯერად, შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

ბასილაშვილმა შვიდი ეისი ჩააწოდა, შვიდი ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველი მოწოდებით ქულების 72 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 52 პროცენტი, 16-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, 49 „ვინერსი“ და 41 უნებლიე შეცდომა დააგროვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა უკვე გააუმჯობესა შარშანდელი შედეგი – 2018 წელს, ნიკამ პირველივე წრე დათმო ფრანგი ჟილ სიმონის წინააღმდეგ.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე ისევ ბრიტანელი ჩოგბურთელი იქნება – მსოფლიოს 61-ე ჩოგანი დანიელ ევანსი, რომელმაც სამ სეტში მოუგო არგენტინელ ფედერიკო დელბონისს – 6:3, 7:6(5), 6:3. ბასილაშვილი და ევანსი პროფესიულ ტურში ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.