ბასილაშვილი სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ ავსტრალიის ღიას 1/16 ფინალშია
ბასილაშვილი სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ ავსტრალიის ღიას 1/16 ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა. მარათონული სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, მსოფლიოს მე-20 ჩოგანმა ხუთსეტიანი თრილერი მოუგო იტალიელ სტეფანო ტრავალიას – 3:6, 6:3, 3,6, 6:4, 6:3.

დებიუტშივე გამოჩნდა, რომ ბასილაშვილს რთული მატჩი ელოდა. პირველი ბრეიკი სწორედ იტალიელმა შეასრულა. მართალია, ქართველმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, მაგრამ ჩანდა, რომ ნიკას თამაში არ მისდიოდა, განსაკუთრებით, საკუთარ გეიმებში, სადაც პირველ მოწოდებაზე ქულების მხოლოდ 56 პროცენტი აიღო. შედეგად, მერვე გეიმში ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ დათმო თავისი გეიმი და წააგო სეტი. მან ამ პარტიაში 15 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მეორე პარტიაში ბასილაშვილს მოწოდების მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი ქულა დათმო და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს. ტრავალიაც კარგად აწვდიდა, მაგრამ ქართველმა მეექვსე გეიმში ერთი ბრეიკ-პოინტი მაინც მოიპოვა და ეს საკმარისი აღმოჩნდა – ნიკამ ბრეიკი შეასრულა და შემდეგ უპრობლემოდ შეინარჩუნა უპირატესობა.

ბასილაშვილმა მესამე სეტიც კარგად დაიწყო – ბრეიკით გავიდა წინ, მაგრამ, ამჯერად, ვერ შეძლო სეტის ბოლომდე ამ უპირატესობის მიტანა. ტრავალიამ ორად ორი ბრეიკ-პოინტი მიიღო ამ სეტში და ორივე გამოიყენა, რაც საკმარისი აღმოჩნდა სეტებში ისევ წინ გასასვლელად.

ბასილაშვილი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა და შეძლო მობილიზება. მეოთხე სეტის დიდი ნაწილი ის მეტოქეზე კარგად გამოიყურებოდა და ბრეიკით დაწინაურებაც მოახერხა. მართალია, ტრავალიამ უკუბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ ეს მისი დროებითი წარმატება აღმოჩნდა. მეათე გეიმში ქართველმა კიდევ ერთი ბრეიკით დაასრულა პარტია. სეტებში ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი მეხუთე სეტს უნდა გადაეწყვიტა.

ბოლო პარტია ბასილაშვილისთვის უსიამოვნოდ დაიწყო – პირველ გეიმში ტრავალიას ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა, ვერ გამოიყენა. ისევე, როგორც წინა სეტში, ქართველმა ამჯერადაც მეოთხე გეიმში შეასრულა ბრეიკი. ტრავალიამ ისევ შეძლო უკუბრეიკის შესრულება და ანგრიშის გათანაბრება. თუმცა, მერვე გეიმში ბასილაშვილმა სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და მატჩში მეშვიდე ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ნიკამ პირველივე მატჩბოლზე დაასრულა შეხვედრა და მესამე წრეში გასვლა იზეიმა.

1/16 ფინალში ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ოთხ სეტში მოუგო სერბ ვიქტორ ტროიცკის – 6:3, 2:6, 6:2, 7:5.