ორშაბათს, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ATP500-ის კატეგორიის ტურნირი იწყება. პირველ დღეს კორტზე ვიხილავთ ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს. მისი მეტოქე საკვალიფიკაციოს ტურნირის შემდეგ გაირკვა – ეს არის ბრიტანელი კემერონ ნორი, რომელიც კლასიფიკაციაში 65-ე ნომერია.
ეს იქნება ამ ჩოგბურთელთა პირველი დაპირისპირება პროფესიულ ტურში.
ნორიმ ამ სეზონში დელრეი ბიჩის ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ამერიკელ სებასტიან კორდასთან დამარცხდა. ავსტრალიის ღია პირველობაზე ნორი მესამე წრემდე მივიდა და იქ სამ სეტში წააგო ესპანელ რაფაელ ნადალთან – 5:7, 2:6, 5:7.
ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი 2021 წელს ანტალიას ტურნირის მეოთხედფინალში გასვლაა. ამის შემდეგ, ქართველმა ზედიზედ სამ ტურნირზე პირველი წრე წააგო, ამჟამად, ოთხმატჩიანი წაგებების სერია აქვს, თან ისე, რომ ამ ოთხ მატჩში ერთი სეტიც არ მოუგია.
ბასილაშვილსა და ნორის შორის მოგებული მეორე წრეში შვეიცარიელ სტენ ვავრინკასა და რუს კარენ ხაჩანოვს შორის მოგებულს შეხვდება.
როტერდამის ტურნირზე ძალიან ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი. განთესილები არიან: 1. დანიილ მედვედევი (რუსეთი), 2. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), 3. ალექსანდრ ზვერევი (გერმანია), 4. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი), 5. რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), 6. დავიდ გოფენი (ბელგია), 7. ფელიქს ოჟე-ალიასიმი (კანადა), 8. სტენ ვავრინკა (შვეიცარია).
ამ ტურნირზე ნადალსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ტრავმის გამო უარი განაცხადა.
ბასილაშვილისა და ნორის მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.