ავსტრალიის ღია პირველობაზე აღებული პაუზის შემდეგ, კორტზე ბრუნდება ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც კლასიფიკაციაში 27-ე ნომერია, ორშაბათიდან ჰოლანდიის როტერდამის ATP500-ის კატეგორიის ტურნირში ჩაებმება.
გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და გაირკვა ბასილაშვილის პირველი მეტოქე. ეს არის ტურნირზე მეშვიდე ნომრად განთესილი ანდრეი რუბლიოვი. ის მსოფლიო კლასიფიკაციის მე-15 ჩოგანია.
ბასილაშვილი და რუბლიოვი პროფესიულ ტურში სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს – სამივეჯერ გასულ სეზონში. ქართველი ამ დაპირისპიოებაში წინ არის – 2:1: დოჰაში ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო – 6:3, 6:4, შემდეგ ჰამბურგში სამ სეტში გაიმარჯვა – 7:5, 4:6 6:3, ცინცინატის „მასტერსზე” კი სამ სეტში დამარცხდა – 7:6(4), 4:6, 2:6.
ბასილაშვილი შარშანაც თამაშობდა როტერდამში და ერთი წრე გაიარა: საწყის რაუნდში მოუგო კორეელ ჰიეონ ჩუნგს, მაგრამ მეორე წრეში უნგრელ მარტო ფუჩოვიჩთან დამარცხდა.