ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა „როლან გაროსზე“. საწყის რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი არგენტინელ ხუან-იგნასიო ლონდეროს ხვდებოდა და სამ სეტში დამარცხდა.
ლონდერო შესანიშნავად აღმოჩნდა მომზადებული ქართველთან მატჩისთვის. არგენტინელი პრაქტიკულად იდეალურად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე – პირველ სეტში ლონდერომ თავის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა დათმო: ერთი პირველ მოწოდებაზე და ორი – მეორეზე, მეორე სეტში კი ერთადერთი ქულა გაიმეტა მსოფლიოს მე-16 ჩოგანისთვის.
ბასილაშვილის გეიმებში ლონდერო იშვიათად მიდიოდა ბრეიკ-პოინტებამდე, მაგრამ მცირე შანსებსაც შესანიშნავად იყენებდა. პირველ სეტში ორიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ეს იკმარა, მეორეში – ოთხიდან სამი. ქართველი ჩოგბურთელი ასეთ უმწეო მდგომაროებაში მხოლოდ რაფაელ ნადალთან გრუნტზე მატჩებში ყოფილა.
ქართველმა მესამე სეტში შეძლო გაბრძოლება. ლონდერომ ისევ პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ, ამჯერად, ბასილაშვილმა მეხუთე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა, მეშვიდე გეიმში კი ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ წინ გასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. მერვე გეიმში ლონდერომ ისევ აიღო მეტოქის მოწოდება, რის შემდეგაც მატჩზე იოლად ჩააწოდა.
ლონდერომ საათსა და 30 წუთში 6:4, 6:1, 6:3 მოიგო.