პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორ ადგილს მოიგებს და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი გახდება. მას წინსვლა აქვს იმის მიუხედავად, რომ დუბაის ტურნირზე შარშანდელი მეოთხედფინალი ვერ დაიცვა და 45 ქულა დაკარგა.
მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება ტოპ-ათეულში. როჯერ ფედერერმა ტრავმის გამო დუბაიში ვერ ითამაშა და შარშანდელი ტიტული ვერ დაიცვა, ამიტომაც, 500 სარეიტინგო ქულა დაკარგა. შედეგად, შვეიცარიელი გამოვარდება ტოპ-სამეულიდან და მესამე პოზიციაზე აღმოჩნდება ავსტრიელი დომინიკ ტიმი.
ამასობაში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა დუბაისა და აკაპულკოს ტურნირების მოგებით, შესაბამისად, 500 და 455 ქულა მიიღეს და კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა უახლოეს მდევრებზე.