ბასილაშვილი მსოფლიოს 23-ე ჩოგანი გახდება
ბასილაშვილი მსოფლიოს 23-ე ჩოგანი გახდება

პეკინში, ჩინეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 23-ე ჩოგანი გახდება.

ფინალში გამარჯვების შედეგად, მან 500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ATP-ის კლასიფიკაციაში 1757 ქულა დაუგროვდა.

ამით მან 11 საფეხური მოიგო და ორშაბათიდან 23-ე საფეხურზე იქნება. მეოცე ადგილზე მყოფ მილოშ რაონიჩამდე, ბასილაშვილს მხოლოდ 43 ქულა აკლია.

აღსანიშნავია, რომ ნიკამ პეკინის ტურნირი ზედიზედ 10 სეტის მოგებით დაასრულა. მან პირველ წრეში საწყისი სეტი ამერიკელ ჯეკ სოკთან წააგო, რის შემდეგაც, ორ-ორ სეტში გაუსწორდა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს, ტუნისელ მალიკ ჟაზირის, ბრიტანელ კაილ ედმუნდსა და არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს.

ჩინეთის პირველობაზე მოგებამ ბასილაშვილს 733 320 დოლარი მოუტანა.

მომდევნო კვირას, ქართველი ჩოგბურთელი ასევე ჩინეთში, შანხაის „მასტერსში“ ჩაებმება. მისი პირველი მეტოქე კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება. ამ წყვილში მოგებული მეორე წრეში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.