საქართველოს პირველი ნომერი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 21-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ATP-ის 250 ქულიან ტურნირზე ითამაშებს. ქართველი შეჯიბრზე მე-4 ნომრადაა განთესილი. ნიკოლოზი ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე სლოვაკ ალექს მოლკანსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შორის გაირკვევა.
მონპელიეში პირველ ნომრად გერმანელი ალექსანდრ ზვერევია განთესილი, მეორე რობერტო ბაუტისტა აგუტი, მესამე კი – გაელ მონფილსი.
ბასილაშვილმა ბოლო შეხვედრა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამართა, სადაც იგი პირველ წრეში ენდი მარისთან დამარცხდა.
Open Sud de France-ი 31 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი დავიდ გოფინია, რომელმაც შარშან ფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.