ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს 152-ე ჩოგანთან ბრძოლაში გამოეთიშა #1TVSPORT
მსოფლიოს 21-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ATP-ის 250-იან ტურნირზე პირველივე შეხვედრაში სამ სეტში 1:6, 7:5, 2:6 დამარცხდა და შეჯიბრებას დაემშვიდობა. საფრანგეთში ქართველის მეტოქე მერვედფინალში კვალიფიკაციის გამარჯვებული, ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგნელი დამირ ძუმჰური გახლდათ.
მატჩის პირველი სეტი ბასილაშვილმა ცუდად ჩაატარა და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა 1:6. მეორე სეტი ქართველმა კარგად დაიწყო და ორივე ჩოგბურთელის მიერ საკუთარი ჩაწოდებების რამდენჯერმე წაგების შემდეგ ნიკოლოზმა 7:5 გაიმარჯვა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა.
მაშინ, როცა ჩოგბურთის ქართველი გულშემატკივრები ბასილაშვილისგან მესამე სეტის მოგებას ელოდნენ, ქართველმა ჩოგბურთელმა კვლავ ჩააგდო თამაში, 2:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მონპელიეში პირველ ნომრად გერმანელი ალექსანდრ ზვერევია განთესილი, მეორე რობერტო ბაუტისტა აგუტი, მესამე კი – გაელ მონფილსი.
Open Sud de France 31 იანვარს დაიწყო და 6 თებერვალს დასრულდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი დავიდ გოფინია, რომელმაც შარშან ფინალში რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.