ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველად ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ATP-ის ტურნირზე ზედიზედ ორი მატჩის მოგება შეძლო. მაროკოს ქალაქ მარაკეშში მან მეორე რაუნდიც გაიარა და მეოთხედფინალში გავიდა.
ბასილაშვილის მეტოქე მაროკოელი ლამინ უაჰაბი იყო, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 617-ე ჩოგანია. ქართველს ამ ჩოგბურთელთან პირადი ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი – 4 თებერვალს, დევისის თასის მატჩში უაჰაბმა 6:1, 6:3 გაანადგურა ბასილაშვილი. ასე რომ, ნიკას რევანშზე უნდა ეფიქრა, არადა, მაროკოელი კარგად მომზადებული შეხვდა საშინაო ტურნირს – აქ პირველ წრეში ცნობილი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი დაამარცხა.
პირველმა სეტმა უბრეიკოდ ჩაიარა, არადა, ბასილაშვილს რვა ბრეიკ-პოინტის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ აიღო მეტოქის მოწოდება. სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელშიც ქართველმა 2:3-დან ზედიზედ ოთხი ქულა აიღო და სამმაგი სეტბოლი მოიპოვა. მაროკოელმა ორი საფრთხე მოიგერია, მაგრამ ბასილაშვილმა მესამე ცდაზე მაინც შეძლო პარტიის მოგება.
პირველი სეტისგან განსხვავებით, მეორე პარტიაში მრავლად იყო ბრეიკები. ჯერ უაჰაბმა აიღო მეტოქის მოწოდება, შემდეგ ორჯერ იგივე ბასილაშვილმა გააკეთა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო – მაროკოელმა უკუბრეიკი შეასრულა. ამის შემდეგ, მეტოქეებმა გარკვეული ხანი დაალაგეს თამაში საკუთარ გეიმებში. მერვე გეიმში ბასილაშვილმა ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და საქმე თითქოს მეორე ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა ქართველმა პირწმინდად დათმო საკუთარი მოწოდება და 6:5-ზე უაჰაბმა სეტზე ჩააწოდა.
მესამე სეტის დასაწყისი მეორეს ჰგავდა – ბასილაშვილი ისევ დაწინაურდა ბრეიკით და ისევ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. თუმცა, მომდევნო გეიმებში იგრძნობოდა ქართველის უპირატესობა. მეხუთე გეიმში ნიკამ ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მერვე გეიმში მაინც მიაღწია საწადელს და შემდეგ, მატჩზე ჩააწოდა – 2 საათი და 33 წუთი ბრძოლის შემდეგ, ბასილაშვილმა 7:6(5), 5:7, 6:3 მოიგო.
უკვე ცნობილია ქართველის მეტოქე მეოთხედფინალში – მსოფლიოს 70-ე ჩოგანი, პორტუგალიელი ჟოაო სოუზა. ისინი აქამდე პროფესიულ ტურში არასოდეს შეხვედრიან.