ბასილაშვილი მაიამის „მასტერსს“ დაემშვიდობა
ბასილაშვილი მაიამის „მასტერსს“ დაემშვიდობა

მსოფლიოს 89-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მაიამის „მასტერსზე“ მეორე წრის ბარიერის გავლა ვერ შეძლო. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-8 ნომერს, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს ხვდებოდა, რომელმაც წინა კვირას, ინდიან უელსის „მასტერსზე“ მეოთხედფინალამდე მიაღწია.

პირველ სეტში ანდერსონი საკუთარ მოწოდებაზე შანსს არ აძლევდა ბასილაშვილს – ქართველმა მეტოქის გეიმებში მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. თავად, ნიკას გეიმებში კი თითქმის მუდმივად ბრძოლა იყო, თუმცა, ანდერსონი კარგა ხანი ვერ ახერხებდა ბრეიკის შესრულებას. ეს მან მხოლოდ მეათე გეიმში, 5:4-ზე შეძლო, როცა რიგით მეექვსე ბრეიკ-პოინტის გამოყენება მოახერხა.

მეორე სეტი ანდერსონმა კიდევ უფრო კარგად დაიწყო – ორი საკუთარი გეიმი მშრალი ანგარიშით აიღო, ბრეიკიც გააკეთა და 3:0 დაწინაურდა. მაგრამ ბასილაშვილმა შეძლო გაბრძოლება – მეხუთე გეიმში მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და შეძლო მისი გამოყენება, თუმცა, იქვე ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და მეტოქეს უპირატესობა დაუბრუნა. მეცხრე გეიმში, როცა აფრიკელი მატჩზე აწვდიდა, ქართველმა სცადა თამაშის გადარჩენა, სამი ბრეიკ-პოინტიც მოიპოვა, თუმცა, ეს შანსები ვერ გამოიყენა.

საათსა და 29 წუთში ანდერსონმა 6:4, 6:3 მოიგო.