პირველივე მატჩის შემდეგ დაასრულა ინდიან უელსის მასტერსზე გამოსვლა ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ის პირველ წრეში თავისუფალი იყო და მეორე წრეში შეხვდა ინდოელ პრაინეშ გუნესვარანს, რომელიც მსოფლიოს 97-ე ჩოგანია.
აზიელმა პირველ რაუნდში დაამარცხა კლასიფიკაციის 69-ე ნომერი, ფრანგი ბენუა პერი – 7:6(5), 6:4, მანამდე კი კვალიფიკაციის ორი რაუნდი გაიარა.
მთელი მატჩის განმავლობაში, გუნესვარანს ჰქონდა უპირატესობა, რაც სტატისტიკაშიც გამოიხატა. ჩოგბურთელებმა 10-10 ეისი ჩააწოდეს, მაგრამ, ამასთანავე, ინდოელს მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ქართველს კი ერთბაშად 11. ბრეიკ-პოინტები გუნესვარანმა ორჯერ მეტი დააგროვა – 10 5-ის წინააღმდეგ. ბრეიკებში აზიელმა 3:2 აჯობა მეტოქეს.
პირველ სეტში გუნესვარანმა ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო. მეორე და მესამე სეტებში ჩოგბურთელები ცვლიდნენ ბრეიკებს და ორივეჯერ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. მეორე სეტის მე-13 გეიმი ბასილაშვილს დარჩა, მაგრამ მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე ქართველმა მოწინააღმდეგის ვერც ერთი მოწოდება ვერ აიღო და ორი საათი და 34 წუთი ბრძოლის შემდეგ, 4:6, 7:6(6), 6:7(4) დამარცხდა.
29 წლის გუნესვარანს წელს, ATP-ის დონეზე მხოლოდ ორჯერ ჰქონდა ნათამაშები და ორივე წაგებული. მესამე წრეში ის ხორვატ ივო კარლოვიჩს შეხვდება, რომელმაც მოულოდნელად თავის თანამემამულე ბორნა ჩორიჩს მოუგო.
ახლა, ბასილაშვილი ორი კვირა დაისვენებს და შემდეგ, მაიამის მასტერსში მიიღებს მონაწილეობას.