ბასილაშვილი დუბაის ტურნირს ბერანკისთან მატჩით დაიწყებს
ბასილაშვილი დუბაის ტურნირს ბერანკისთან მატჩით დაიწყებს

მსოფლიოს 28-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ტურნირს დუბაიში ჩაატარებს. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე იქნება ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი, რომელიც 66-ე ნომერია კლასიფიკაციაში.

ეს ჩოგბურთელები ორჯერ შეხვედნენ ერთმანეთს – ორივეჯერ 2014 წელს და ორივეჯერ ბალტიისპირელმა მოიგო.

ბერანკისის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი მეორე წრეში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტსა და გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს შორის მოგებულს შეხვდება. სხვათა შორის, შარშან, დუბაის ტურნირის მეორე წრეში ბასილაშვილი ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდა და სამ სეტში მოუგო, რამაც ქართველ ჩოგბურთელს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა. ამ ეტაპზე ბასილაშვილმა სამ სეტში წააგო ხორვატ ბორნა ჩორიჩთან.

ასე რომ, ბასილაშვილს რთული გამოცდა ელოდება – მას მეოთხედფინალი აქვს დასაცავი, რათა კლასიფიკაციაში ქულები არ დაკარგოს.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირში სამშაბათიდან ჩაებმება.