ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

პეკინში, ჩინეთის ღია პირველობაზე, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე ბარიერი გაიარა. მან საათსა და 34 წუთში, ორ სეტში მოუგო ვეტერან ესპანელს ფერნანდო ვერდასკოს – 7:6(3), 6:4 და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველი სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. თავიდან ინიციატივა ბასილაშვილმა მოიპოვა – მეხუთე გეიმში ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, მაგრამ ვერდასკომ შეძლო გარდატეხა, 2:4-დან ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 5:4 დაწინაურდა. ბასილაშვილი სეტის წაგების პირას აღმოჩნდა, როცა ესპანელმა მე-12 გეიმში მიღებაზე სეტბოლი გამოიმუშავა, მაგრამ ქართველმა შეძლო გეიმისა და პარტიის გადარჩენა და თამაში ტაი-ბრეიკში გადაიყვანა, სადაც დამაჯერებლად მოიგო – 7:3.

მეორე სეტიც ბასილაშვილისთვის კარგად დაიწყო – 3:0 დაწინაურდა და შემდეგ ისევ შეუქმნა თავს შეუქმნა პრობლემები. ვერდასკომ ასევე სამი გეიმის მოგებით უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ, გარკვეული ხანი, თანაბარი თამაში მიდიოდა, ოდნავ უკეთ ბასილაშვილი გამოიყურებოდა, რომელმაც მერვე გეიმში ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მეათე გეიმში მატჩბოლი მოიპოვა და პირველივე შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ტუნისელი მალიკ ჟაზირი იქნება.