ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას წყვილებშიც დამარცხდა - ქართველისა და გერმანელის დუეტმა მატჩბოლი ვერ გამოიყენა
ერთეულებში წაგების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას წყვილებშიც გამოეთიშა ბრძოლას.
ბასილაშვილისა და გერმანელი ანდრე ბეგემანის დუეტს წილისყრის მხრივ არ გაუმართლა. მათ პირველ მეტოქედ ერგოთ პირველ ნომრად განთესილი წყვილი კოლუმბიელების – ხუან სებასტიან კაბალისა და რობერტ ფარას შემადგენლობით. მიუხედავად ამისა, ბასილაშვილი და ბეგემანი ძალიან ახლოს იყვნენ მოგებასთან.
პირველ პარტიაში მათ მეტოქეებს სეტზე არ ჩააწოდებინეს და შემდეგ ტაი-ბრეიკი მოიგეს. მეორე სეტში ქართველსა და გერმანელს ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდნენ, მორიგი შანსი კი ტაი-ბრეიკზე მიიღეს. იქ ბასილაშვილსა და ბეგემანს მატჩბოლი ჰქონდათ, თუმცა, 6:5-ის შემდეგ, ზედიზედ სამი ქულა დათმეს და წააგეს მე-13 გეიმი.
მესამე სეტში კოლუმბიელებმა ერთადერთი ბრეიკი მეშვიდე გეიმში შეასრულეს. მატჩის ბოლო გეიმში ბასილაშვილმა და ბეგემანმა კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და ორი საათი და 49 წუთი ბრძოლის შემდეგ, 7:6(5), 6:7(6), 4:6 დამარცხდნენ.