„ბასიანში“ თასის დებიუტს ელიან - გუნდი რეგიონთა თასზე ითამაშებს #1TVSPORT
„ბასიანი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში მოყვარულთა ლიგის პირველი ჩემპიონია, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე ითამაშებს. 9 მაისს, 16:00 საათზე, გლდანის საფეხბურთო ცენტრში გუნდი პირველი ეტაპის მატჩს რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად გამართავს.
„ბასიანი“ 7 წლის წინ, მოყვარულთა ლიგის დაარსებისთანავე, სამი უახლოესი მეგობრის მონდომებითა და ფეხბურთის უდიდესი სიყვარულის შედეგად ჩამოყალიბდა. შექმნისთანავე „ბასიანი“ ლიგა 2-დან ლიგა 1-ში დაწინაურდა.
„თავდაპირველად ისე შევკრიბეთ 11 ფეხბურთელი, ერთმანეთსაც კი არ ვიცნობდით და დღეს ოჯახის წევრებივით ვართ. სახელწოდება „ბასიანი“ ქართული სულისკვეთებიდან გამომდინარე დავარქვით. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ფეხბურთის სიყვარული და ამ ერთობით უკვე მეშვიდე წელია მოვდივართ. ლიგა 2-ში, „ბასიანი 2“-იც კი შევქმენით, სადაც შედარებით უფროსი თაობა ვთამაშობთ. სულ ვამბობ, რომ მოყვარულთა ლიგა სასწაული პროექტია და ნეტავ 10-15 წლის წინ, ჩემს ბავშვობაშიც ყოფილიყო. მოყვარულთა ლიგაში ვაკეთებთ იმას, რაც გვიყვარს და რაც მთავარია, სწორედ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, დღეს უკვე, ათასობით მოზარდი მოწყდა ქუჩას. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ მოყვარულთა ლიგის, მასობრივი ფეხბურთისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის”, – ამბობს გიზო ტაბიძემ, რომელიც „ბასიანის“ წინსვლაში შექმნის დღიდან მონაწილეობს.
საქართველოს თასის გარდა აღსანიშნავია, რომ „ბასიანი“ 2022 წელს უეფა-ს რეგიონთა თასზე ითამაშებს.
„თითოეული მოყვარული ფეხბურთელის ოცნება დიდ დონეზე თამაში, თასის აწევა, ჰიმნის შესრულება და ქვეყნის სახელით საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობაა – ეს ოცნებები ჩვენ მოყვარულთა ლიგაში აგვიხდა. საქართველოს თასზე გასვლა უდიდესი სასწაული და სიხარულია. ამაზე დიდი გამოწვევა და სტიმული არ არსებობს. „ბასიანის“ ბიჭები პროფესიონალი ფეხბურთელებით ვარჯიშობენ, თამაშიდან თამაშამდე ემზადებიან, დაფრინავენ, ასეთი მონდომებისათვის წარმატებასა და გამარჯვებას იმსახურებენ”.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა 19 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა. საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩები 9-10 მაისს გაიმართება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: პირველი ეტაპის 13 გამარჯვებული მეორე ეტაპზე 34 გუნდს შეუერთდება. მეორე ეტაპიდან გათამაშებაში ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის გუნდებთან ერთად, რეგიონული ლიგის გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ჩაერთვება.
მეორე ეტაპზე გასული 47 გუნდიდან, ერთი პირდაპირ მიიღებს მესამე ეტაპის საგზურს, ხოლო დანარჩენი 46 გუნდი დაწყვილდება და 23 გამარჯვებულს გამოავლენს. წილისყრის შედეგად, მესამე ეტაპის საგზურს პირდაპირ „ეგრისი“ – „ცხუმის“ პირველი ეტაპის წყვილში გამარჯვებული მიიღებს. მეორე ეტაპის მატჩები 26 მაისს გაიმართება. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ბოლო გათამაშების გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა.