„ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
„ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ღამის კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

მათი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე პროკურატურა სასამართლოს 12:00 საათისთვის მიმართავს. პროკურატურის ინფორმაციით, რვავე დაკავებულის მიმართ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაკავებულთა ნაწილის ადვოკატები არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს, თუმცა გირაოს თანხასთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ დაკავებულის ოჯახის წევრებთან აპირებენ.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლომ არც ერთი ტიპის აღკვეთის ღონისძიება არ უნდა გამოიყენოს, დაკავებული ის ბრალს არ აღიარებს.

ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების მუხლით დაკავებულებს ბრალი გუშინ, დღის ბოლოს წარედგინათ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატიურად ყიდდნენ, თუმცა ბრალდებულთა ნაწილი ნარკორეალიზებას უარყოფს. დაკავებულების უმრავლესობა ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.