„ბასიანი“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში კონცერტს გამართავს
„ბასიანი“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში კონცერტს გამართავს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტი „ხალხური საღამოები“ თბილისში, სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტით დასრულდება.

კონცერტი 4 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება და საქველმოქმედო იქნება. გაჟღერდება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშები, სადაც მსმენელებს შეეძლებათ პატარა გაბრიელს დაეხმარონ გამოჯანმრთელებაში – თანხა შეუგროვონ მას.

დღიდან დაარსებისა „ბასიანი“ ჩაბმულია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის პოპულარიზაციაში. ანსამბლი ექსპედიციებითა და კონცერტებით სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. წლების განმავლობაში აღადგინა და გააცოცხლა ფოლკლორის მრავალი მივიწყებული ნიმუში.

„ბასიანი“ საქართველოს საპატრიარქოში 2000 წელს ჩამოყალიბდა. 2013 წელს, კი მას ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. ანსამბლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი დონაძე. „ბასიანი“ აქტიურად მონაწილეობს პრესტიჟულ ფესტივალებსა და კონცერტებში, ატარებს მასტერკლასებს მსოფლიოს ცნობილ დარბაზებსა და უნივერსიტეტებში.

ანსამბლს ჩაწერილი და გამოცემული აქვს ტრადიციული სიმღერა-გალობის 300-მდე ნიმუში, რომლებიც ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ანსამბლის წარმატებული გამოსვლების შესახებ არაერთგზის აღინიშნა საერთაშორისო მედიასივრცეში. სტატიის ავტორები ქართულ ტრადიციულ პოლიფონიას ზეციურ ხმებს ადარებენ და კონცერტებს არაამქვეყნიურს, მომაჯადოებელს უწოდებენ. ანსამბლი ახლახანს დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც კონცერტები და ვორქშოფები გამართა ნიუ იორკში – White Light festival-ის ფარგლებში, მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ, ლინკოლნ ცენტრის სცენაზე; ბერკლისა (კალიფორნია) და პრინსტონში. წელს ანსამბლი შტატებში უკვე მეოთხედ იმყოფებოდა.

„ბასიანის“ დებიუტი „ლინკოლნ ცენტრის“ სცენაზე პირველად 2010 წელს შედგა. პროექტის მიზანია: ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შენარჩუნება, პოპულარიზაცია და ანსამბლების მხარდაჭერა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში „ხალხური საღამოები“ იმართება.

პროექტი „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება და 4 დეკემბრს „ბასიანის“ კონცერტით დასრულდება.