ბაშკირეთში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ბაშკირეთში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ბაშკირეთის სოფელ იშბულდინოში, ხანდაზმულთა თავშესაფარში ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ხანძრის შესახებ შეტყობინება მოსკოვის დროით 00:53 საათზე მიიღეს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეების მისვლის დროს ერთსართულიან ხის შენობას ცეცხლი მთლიანად ჰქონდა მოდებული.

ხანძრის დროს შენობაში 16 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ხუთი გადაარჩინეს. როგორც ცნობილია, ისინი თავშესაფრის პერსონალის წარმომადგენლები არიან.

როგორც სააგენტო „ტასი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, პანსიონატი არ იყო აღჭურვილი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით და არ ჰქონდა ხანდაზმულების მუდმივი ცხოვრებისთვის შესაბამისი ლიცენზია.