ბაშკირეთის რესპუბლიკაში „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ობიექტზე თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა
რუსეთში, ბაშკირეთის რესპუბლიკაში „ვაილდბერისის“ ლოგისტიკურ ობიექტზე საჰაერო თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. კომპანიის ცნობით, ობიექტზე პროდუქცია არ ინახებოდა და თანამშრომლების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა.
„ბაშკირეთში საჰაერო თავდასხმის შედეგად სამრეწველო ზონაში, სადაც კომპანიის ერთ-ერთი ობიექტი მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ბიბისის“ ცნობით, ეს „ვაილდბერისის“ საწყობებზე 18 ივლისის შემდეგ მე-18 ხანძარია. ამ პერიოდში უკრაინამ რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე თავდასხმები დაიწყო და განაცხადა, რომ კომპანია სამხედრო დანიშნულების საქონელს ყიდის.
ამასთანავე, თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარეც. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის სამხედროებმა ღამით უკრაინაზე 133 დრონით იერიში მიიტანეს. მათგან 111 ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, დარტყმები 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
ასევე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზეც მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ობიექტები დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა.