ბაშარ ასადს გოლანის მაღლობების დაბრუნება სურს
ბაშარ ასადს გოლანის მაღლობების დაბრუნება სურს

სირიის ჯარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით დაიძრა, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმების საფუძველზე დეესკალაციის ზონაა განთავსებული. ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაერო-ში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიამ დეესკალაციის ზონაში ცეცხლი გახსნა, რის საფუძველზეც 11 ათასი ადამიანი ბოლო პერიოდში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

„სირიის მთავრობამ ყველა შეთანხმება დაარღვია. მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, რუსეთი იქნება პასუხისმგებელი შემდგომში განვითარებულ მოვლენებზე“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

Reuters-ის ინფორმაციით, ბაშარ ალ ასადს გოლანის მაღლობების დაბრუნების სურვილი აქვს. საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, მედიასაშუალება წერს, რომ მან ეს პირობა საკუთარი მთავრობის წინაშე დადო. 1967 წელს, როდესაც ისრაელმა სამ არაბულ სახელმწიფოს 6-დღიანი ომი მოუგო, ისრაელის ჯარმა სირიის დასავლეთით მდებარე გოლანის მაღლობების ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. 1981 წლიდან ისრაელის პარლამენტმა, ქნესეთმა აღნიშნული ადგილი საკუთარ ტერიტორიად ცნო.